რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლის, შესაძლო, აღდგენა აფხაზეთის გავლით… ქართულმა ოცნებამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპელი სოციალისტების პოლიტიკური ოჯახის კარი ხმაურით გაიჯახუნა, პუტინის ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის გაკეთებულ საჩუქრად მონათლა და საკუთარი, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად გაასაღა. უკანა რიგებიდან ისიც გაისმა, რომ ამ პოლიტიკით აფხაზეთსა და ოსეთსაც მალე დავიბრუნებთ. "არჩევანი" კი დღეს უკვე ასე დგას: რა გვირჩევნია, ევროპა, რომელიც რუსეთთან ომში გვითრევს, თუ იმავე რუსეთთან მეგობრობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
არაფრის დრამატიზებას ვახდენ. ვითარება, თავისი შინაარსით, უკვე უკიდურესად დრამატულია. საქართველოს გარუსების პოლიტიკა აბსოლუტურად ახალ ფაზაში გადავიდა. ივანიშვილის ოცნება თუ აქამდე ფორმალურად მაინც ცდილობდა საკუთარი პროდასავლურობის დამტკიცებას, რუსეთთან დათმობებს კი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამართლებდა, დღეს ღიად აცხადებს რომ მთავარი საფრთხე არა მოსკოვიდან, არამედ დასავლეთიდან მოდის, რომელსაც ჩვენი სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვა, გარყვნა, იდენტობისა და ტრადიციების დანგრევა სურს.
დღეს ყველაფერი უკვე იმდენად აშკარაა, ძალიან უნდა მოინდომო, რომ კვლავ სამსჯელო გახადო - არის თუ არა ქართული ოცნება რუსული ძალა, ან სერიოზულად შეხედო იმ სატყუარას, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს: რუსეთთან დაახლოებით და მოკავშირეობით - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემოერთება. რეალობა ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსკოვი არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გავლენის სფეროში, არამედ მის ეკონომიკურ და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში ახდენს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას. სინამდვილეში ჩვენ კი არ ვიერთებთ აფხაზეთსა და ოსეთს - რუსეთი გვიერთებს ბოლომდე, სამხედრო ოკუპაციას გადარჩენილ, დანარჩენ საქართველოს.
ვითარების დრამატულობის აღქმას დადებითი შედეგებიც ექნება: ბევრ, აქამდე შედარებით ბუნდოვან ასპექტში, სრული სიცხადე შემოვა; ოცნება ვეღარ იქნება ვერავისთვის დასავლური ძალა; ბრიუსელს, რომელთანაც ივანიშვილის პარტიამ პოლიტიკური ოჯახის უხეში ფორმით დატოვებით ბოლო დამაკავშირებელი ძაფი გაწყვიტა და მასთან ერთად ვაშინგტონსაც მოუწევს შესაბამისი დასკვნების გამოტანა და სტრატეგიის თუ არა, ტაქტიკის დონეზე მაინც საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, რაც შიდა პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას; და რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით სერიოზულად დაჩქარდება პოლიტიკურ ძალებში და მათ მიღმა კრისტალიზაციის პროცესი. თუ კი რამე ეროვნული, პატრიოტული და დემოკრატიული რესურსი არსებობს ქვეყანაში, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ინტერესთა ჯგუფები, თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქეები, მათთვის ყველა სხვა საკითხი უკანა პლანზე გადაიწევს. მთავარი და ერთადერთი ამოცანა, საქართველოს გარუსების თავიდან აცილება და მისი ევროპული მომავლის გადარჩენა გახდება.
ბიძინა ორმაგ თამაშს აღარ თამაშობს, ის უკვე ღიად რუსულ სქემაშია. ჩვენი გემი კი, რომლის საჭესაც ივანიშვილი მართავს, სულ უფრო მეტად ხდება მეკობრის გვერდებდახვრეტილ და ნახევრადგადაყირავებულ ხომალდზე მიბმული, რომლის ჩაძირვაც დროის საკითხია. მართალია ევროკავშირი აქტიურად გვეპატიჟება უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გემბანზე, თუმცა ოცნების ხელისუფლება დასავლეთისკენ აღარ იყურება, რა ხანია ის თვითონ იქცა მეკობრის მიერ ქვეყნის ხომალდზე გადმოგდებულ სამკაპად, მისი ფოკუსიც და საათიც მოსკოვზეა გასწორებული.
გამოსავალი ამ სამკაპის მოშორება და ფსკერისკენ წასული რუსული გემის ტრაექტორიისგან თავდახსნაა, რაშიც ევროპული აბორდაჟი, კანდიდატის სტატუსი ძალიან გვჭირდება. წლის ბოლოს მისი მიღება კი, მხოლოდ, ამ ეროვნული ამოცანის გარშემო გაერთიანებით და ზეაქტიური ბრძოლითაა შესაძლებელი.
დრო ძალიან ცოტა რჩება..