"ღირსებას მოკლებული", "გაუგებარი", "მიუღებელი" და "უმადური" - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ეპითეტებისა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს ქართული ოცნების პოლიტიკა დაახასიათა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრების, დიპლომატური კორპუსის, საპატიო სტუმრების და რაც მთავარია საქართველოს შეიარაღებული და საპოლიციო ძალების და საჯარო სამსახურის წარმომადგენლების გასაგონად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილის მთავრობა ომის შიშით მანიპულირებაში, ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორებაში, მეგობრებთან და პარტნიორებთან ქიშპობაში და რუსეთის ფერებასა და მოფრთხილებაში დაადანაშაულა. ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადა, ხელისუფლებას კი მოუწოდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს და აღასრულოს ხალხისგან მიღებული მანდატი: ევროკავშირის კანდიდატობისთვის აუცილებელი 12 პუნქტი, რაც ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის ერთადერთი და უალტერნატივო გზაა. პრეზიდენტის მიერ ამ სიტყვების წარმოთქმისას, სამთავრობო ტრიბუნიდან გაცხარებული რეპლიკები გაისმა, თუმცა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა სახეები სატელევიზიო ობიექტივში და ჩვენს ეკრანებზე არცთუ შემთხვევით არ მოხვდა. ძნელი მისახვედრი არ არის იმის წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ამ დროს ოცნების ლიდერები, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აი რაც კადრში მოხვდა და რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, ეს არის იმ სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელების თუ საჯარო მოხელეებს გამომეტყველება, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღეს, უმაღლესი სახელმწიფო ტრიბუნიდან, ფიცის დადების მომენტში, უმაღლესი მთავარსარდლისგან მკაფიოდ მოისმინეს, რომ მის უკან მყოფი ადამიანები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს სტატუსით განასახიერებენ, სრულ წინააღმდეგობაში მოდიან არამარტო გაცემულ დაპირებებთან და ხალხის მიერ მათთვის მინიჭებულ მანდატთან, არამედ ჩვენი ერის ისტორიულ მისიასთან, ღირსებასთან, რაციონალურ პოლიტიკურ ინტერესთან და რამდენიმე წუთის წინ ერის წინაშე დადებული სამხედრო ფიცის შინაარსსა და არსთან.
ჩვენ არ ვიცით როდის, ან რა ფორმით მოხდება ჯარისა თუ საჯარო სამსახურების მხრიდან პრეზიდენტის გზავნილებზე რეაგირება, თუმცა შეუძლებელია ამას თავად ოცნების პროევროპულ და საზოგადოების შედარებით ნეიტრალური ნაწილის განწყობაში გარდამტეხი ცვლილება არ მოჰყვეს. როდესაც ქვეყანაში და მეტიც, დემოკრატიული სამყაროში არ დარჩა არც ერთი პოლიტიკური ძალა, ორბანის პარტიის გარდა, რომელსაც ოცნებასთან ურთიერთობა არ ეთაკილება; როდესაც დასავლეთს მტრად აცხადებ - რუსეთს კი მეგობრად; როდესაც ღარიბაშვილი ჭკუას აკაკი წერეთლის სიტყვებით გარიგებს, რომ თურმე “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, და როდესაც ამის მთქმელი მთელი თავისი პერსონალური პროფილით, თუ პოლიტიკით ამ იდეალის ანტიპოდია შეუძლებელია ადამიანებმა, რომელთაც საღი აზრი შერჩენიათ, ადრე თუ გვიან მწვავე რეაგირება არ მოახდინონ. პრეზიდენტმა ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაციის ბურჯები ყველაზე მაღალი კონსტიტუციური ტრიბუნიდან გამოაცალა. რა გასაკვირია რომ ასე გამწარებული არიან დღეს ღარიბაშვილი თუ მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. ბუნებრივია ბევრს, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასაც აქვს ზურაბიშვილთან დასაბუთებული პრეტენზია, თუ რატომ არ იყენებს ის მის ხელთ არსებულ შეწყალების ბერკეტს; ასევე სრულიად ლეგიტიმური შეიძლება იყოს ვერსია ივანიშვილთან მის მოკავშირეობასა და ორმაგ თამაშთან დაკავშირებითაც, თუმცა ის რაც ჩვენ 26 მაისს ვიხილეთ და მოვისმინეთ - ამ პოლიტ-ტექნოლოგიურ კომპონენტებზე მაღლა და მის მიღმაც კი დგას. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ ეუბნება ჯარს, პოლიციას და საჯარო სამსახურს, რომ საქართველოს ხელისუფლება არც ილია ჭავჭავაძის, არც კოტე აფხაზის და არც გიორგი ანწუხელიძის საქმეების გამგრძელებელია - პირიქით იმათ მხარეს დგას, ვინც ეროვნული სიბრძნის და ღირსების განმასახიერებელი გმირები სიცოცხლეს გამოასალმა, ეს ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური სიკვდილის მოახლოების პირდაპირი და უტყუარი ნიშანია.
პოლიტიკაში ზოგადად დამარცხებად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც ოპოზიცია არჩევნებს გიგებს, რაც მანამდე დაკარგული შიდა, თუ გარე ლეგიტიმაციის შედეგია. მაგრამ როდესაც თუნდაც შენს მიერ დანიშნული პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატში ღიად და საჯაროდ გადანაშაულებს, მმართველი ძალის დელეგიტიმაციის ამაზე უფრო მწვავე და მკაფიო გამოვლინება არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ განზომილებაში არ არსებობს. ჩვენ შემთხვევაში, თუ ეს ივანიშვილ-ზურაბიშვილის თამაშის ნაწილია, როგორც მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ მილიარდერს ეს ხალხი ჩასარეცხად ჰყავს გამზადებული. და თუ ეს თამაში არ არის, მაშინ ოცნება უკვე ივანიშვილიანად არის ჩარეცხვისთვის განწირული.