გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ პირველი მცდელობით ვერ აირჩიეს

გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ პირველი მცდელობით ვერ აირჩიეს

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე გიორგი კალანდარიშვილი პირველი მცდელობით ვერ აირჩია. კანდიდატურის დამტკიცებისთვის 90 ხმა იყო საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ ქართული ოცნება, ევროპელი სოციალისტები და გირჩის, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად პირველივე მცდელობით კალანდარიშვილს არჩევა ვერ მოხერხდა - მას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

განმეორებითი კენჭისყრა ორ კვირაში გაიმართება. კალანდარიშვილის ასარჩევად უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი.

2021 წელს გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით აირჩიეს და მას შემდეგ, 6-თვიანი ვადით, ის რამდენჯერმე აირჩიეს.

***

ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების არჩევის წესი და კვორუმი შეიცვალა.

თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტის დეპუტატების 90 ხმა (3/5) არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი. კანონპროექტით, კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.