"რაც გაიგო, რომ ლომისის კარები იჭედებოდა, ცუდად ხდებოდა, ცუდად მოქმედებდა მის გულზე" - ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ფორმულას ეთერში ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ძმის მკვლელობის დეტალები.
"თამაზ გინტური ყოველთვის, თითქმის კვირაში 3-ჯერ ადიოდა ლომისის ეკლესიაში, ლოცულობდა, მოდიოდა და ბრუნდებოდა. ლომისიდან წამოსული მიდიოდა მშობლების საფლავზე, სანთლებს ანთებდა და თავისთავად ძალიან დაღონებული იყო, ბოლო ხანებში, რაც გაიგო, რომ ლომისის კარები იჭედება, მას მერე ცუდად ხდებოდა, ცუდად მოქმედებდა მის გულზე - "ლომისა აგვიჭედესო" სულ ამას იძახდა. როდესაც თამაზი მშობლების საფლავზე იყო და მოდიოდა სახლში, ავიდა ლომისაში, დახვდა ლომისის კარები აჭედილი, შემოუარა ეკლესიას, შეაღო კარები, სანთელი დაანთო, გამოვიდა, გამოსვლის დროს დახვდნენ, ჩასაფრება მოუწყვეს რუსმა ოკუპანტებმა და ჩაცხრილეს უკნიდან", - თქვა გივი გინტურმა.
ამასთან, ჟურნალისტმა გივი გინტურს ჰკითხა, ოჯახის მიერ თამაზ გინტურის სავარაუდო მკვლელების დასახელების შემდეგ, დაიბარეს თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში, რაზეც მან თქვა, რომ დაკითხვაზე ხვალ, 15 ნოემბერს არის დაბარებული.
თამაზ გინტურის ძმის ინფორმაციით, ერთ-ერთმა სავარაუდო მკვლელმა ვასილ დემიდოვმა სახელი და გვარი შეიცვალა. ის ითხოვს, რომ თამაზ გინტურის მკვლელები ქართულ მხარეს გადმოსცენ, რათა ქართულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს.
"ოფიციალური უწყება ყოველდღე მირეკავს, როდის მოიცლი, როდის ჩამოხვალო. მე შეთანხმებული ვარ, ხვალ უნდა ჩავიდე, უნდა დამკითხონ და ამის შემდეგ გაცნობებთ ყველაფერს. ორივე, ვისი სახელიც გაჟღერდა, ჩემი ძმის მკვლელია. დემიდოვმა, როგორც ვიცი და სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, გვარი და სახელი შეიცვალა და სად არის და როგორ არის, არ ვიცი. მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, გადმოსცენ და გაასამართლონ ჩვენს მხარეზე", - აცხადებს გივი გინტური.
კითხვაზე, აქვს თუა არა თამაზ გინტურის ოჯახს იმედი, რომ ხელისუფლება მოითხოვს მკვლელების გადმოცემას და გაასამართლებს, ის პასუხობს: "ჯერ არ მაქვს იმედი, ვიცი, რომ ოთხოზორიას მკვლელიც იციან, ტატუნაშვილის მკვლელიც იციან და არავინ არ დაუსჯიათ. გამოძიება რას მეტყვის, როცა გავესაუბრები, მერე გეტყვით, მექნება თუ არა იმედი".
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.