ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ცნობით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"პირველი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს - მნიშვნელოვანია ის, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 ათასი ლარით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავაფინანსოთ", - განაცხადა მან.
აზარაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ისეთ სეგმენტს ეხება საქმე, სადაც დარჩენილი 50 000 ლარის მობილიზება რთულია. მისი განცხადებით, დაიფარება როგორც დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული, ასევე, ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯები.