ღოღობერიძე კინოცენტრზე: ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება, მარადიული სუბსტანციაა

ღოღობერიძე კინოცენტრზე: ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება, მარადიული სუბსტანციაა

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე კინოცენტრთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელოვნების მართვის დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის უკანდახევა და ქართული კინოს განვითარების შეფერხება იქნება.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის საუბრობს, თუ რა მნიშვნელობის იყო საბჭოთა ცენზურის პირობებში დამოუკიდებელი ფილმის გადაღება და დასძენს, რომ კინოცენტრის დაარსებით ქართული კინო აღორძინების გზას დაადგა.

ღოღობერიძის თქმითვე, კინოცენტრის საფუძველი სახელმწიფო დაფინანსებაა, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ცენტრის დამოუკიდებლობა და თავისუფლება "ჰაერივით სჭირდება".

კინო ცენტრში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ გამახსენეს. ჩვენი, 60-იანი წლების კინემატოგრაფისტების საერთო წარსულიდან. ქართული კინოს წარსულიდან.
მე-20 საუკუნის 50-იანი წლებია. კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი, ე.წ. ვგიკი. იმ დროს იქ ბევრი ქართველი სწავლობს, თითქმის ყველა მომავალი სამოციანელი.
უცებ დაირხა ხმა: რაღაც მნიშვნელოვან ფილმს აჩვენებენო, ვიღაცამ ისიც თქვა, მგონი, ქართულსო. ჩავცვივდით ქვემოთ, კინო-დარბაზში. და ვნახეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ისტორია: უბრალო ადამიანების და ვირის - მაგდანას ლურჯას - თითქოს სულ უბრალო ამბავი! მაგრამ გადატრიალება საბჭოთა პომპეზურ, სინამდვილის შემალამაზებელ, ყალბ კინოში! აღელვებულები ვიღებდით მოლოცვებს და თავს რაღაც დიდი ახალი პროცესის მონაწილედ ვგრძნობდით.
ეს პროცესი გაგრძელდა კინო სტუდია “ქართულ ფილმში”.
საბჭოთა ცენზურასთან მუდმივი ბრძოლის პროცესში ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა კინოს ახალი ენის დამამკვიდრებელი ფილმები, რომელთაც თანდათან საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ასე შეიქმნა ქართული “ახალი ტალღა”, მსოფლიოში აღიარებული “ქართული კინოს ფენომენი”. (საკუთრივ კინემატოგრაფისტებთან ერთად ამ პროცესში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის “ქართული ფილმის “ იმჟამინდელ დირექტორს მიშა კვესელავას).

იმ დროის კიდევ ერთი მონაპოვარი: ქართული კინო სკოლა. იმავე ადამიანებს დიდი, უკომპრომისო ბრძოლა დაგვჭირდა მის დასაარსებლად. ეს იყო ნამდვილი გამარჯვება სისტემაზე, რომლისთისაც იდეოლოგიის მთავარი საყრდენის - კინოს სწავლება მთლიანად ცენტრალიზებული უნდა ყოფილიყო, ერთადერთი კინოსკოლით მოსკოვში. (სიამაყით ვიხსენებ, რომ პირველი ორი სახელოსნოს ხელმძღვანელები თენგიზ აბულაძე და მე ვიყავით, სტუდენტთა შორის კი დავასახელებდი ქართული კულტურის ისეთ ემბლემატურ ფიგურას, როგორც გოდერძი ჩოხელია).
მერე დადგა მე-20 საუკუნის 90-იანი წლები. საუკუნეთა მანძილზე ნანატრი და სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა...
და სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში, ეროვნული კულტურის ერთერთი სიმბოლო - კინო, უსახსრობის გამო სულს ღაფავდა. მახსოვს ჩვენი ღრმა მღელვარება და შეშფოთება, - ჩვენთვის საქართველო ნამდვილი “კინოქვეყანა” იყო თავისი ძალიან “კინემატოგრაფიული”, მრავალფეროვანი პეიზაჟებით, ქართველთა ბუნებრივი არტისტიზმით და მრავალი ათეული წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციებით და სერიოზული პროფესიონალებით. ამ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა.
არ მახსოვს, ვის მოუვიდა თავდაპირველად ეროვნული კინოცენტრის დაარსების იდეა. თვალწინ გვედგა ფრანგული კინოცენტრის ძალიან წარმატებული სისტემა. ბევრი ბჭობის შედეგად, ფრანგული კინოცენტრის მესვეურებთან ურთიერთობით და მათი გამოცდილების გაზიარებით, შევთანხმდით პრინციპულ საკითხებზე: კინოცენტრი უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ამავე დროს არის სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა. მას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ირჩევა 2 წლის ვადით პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, ამდენად ის ანგარიშვალდებულია კინემატოგრაფიტთა წინაშე. ფილმების დაფინანსება ხდება წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ჟიურის დაკომპლექტება - პროფესიული გამოცდილების და რეპუტაციის გათვალისწინებით. და, რა თქმა უნდა, სრულად უნდა იყოს დაცული ყველა ამ პროცესის გამჭვირვალობა.
ამ იდეების განხორციელებასაც დასჭირდა ინსტანციებში სიარული, თანამდებობის პირთა დარწმუნება...

და ბოლოს და ბოლოს, კინოცენტრიც დაარსდა! და შედეგმაც არ დააყოვნა: სულ ცოტა ხანში ქართული კინო დაადგა აღორძინების გზას. მოვიდა რეჟისორთა ახალი თაობა, ახალი მიდგომებით, თანამედროვე ხედვით. ქართულ ფილმებს კვლავ იწვევდნენ საერთაშორისო ფესტივალებზე. დამყარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები, მათ შორის ევრიმაჟთან, რომელიც არაერთი ქართული ფილმის დაფინანსებაში მონაწილეობდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ნიუ-იორკიდან ბუსანამდე (სამხრეთ კორეა), ჩატარდა ქართული კინოს რეტროსპექტივები, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე. და ყველგან გვესმოდა ერთდაიგივე მიდგომა: ასეთი ფართომასშტაბიანი ჩვენების მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს “ქართული კინოს ფენომენი” ისევ ცოცხალია.
მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი - ქართული კულტურისთვის, და ზოგადად ქვეყნისთვის - მნიშვნელოვანი ფაქტი: კინოცენტრის ინიციატივით დაიწყო და დღემდე მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ფილმების რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი (აქამდე ჩვენს ხელთ იყო მხოლოდ ფილმების ასლები, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უვარგისი). ზოგი ფილმი მთლად ახლად იქნა აღმოჩენილი, მაგალითად ნუცა ღოღობერიძის “ბუბა” და “უჟმური”, რომელთაც მას მერე საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს, ერთად, ცხადყოფს ინსტიტუციის წარმატებულ მუშაობას ქართული კულტურის და მთლიანად ქვეყნის სასარგებლოდ. და ამიტომაც ისმის კითხვა: რატომ უნდა ჭირდებოდეს ამას “რეორგანიზაცია?”

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პატარა ქვეყნის კინოს არსებობისთვის უსათუოდ ჭირდება სახელმწიფო დოტაცია. გამოსვლის შემდეგ ფილმი ხანდახან ანაზღაურებს ამ დოტაციას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სხვა, კიდევ უფრო ძვირფასი დივიდენდები, რომლებიც მოაქვს კინოს: ის აცნობს მსოფლიოს ქვეყნის კულტურას, ისტორიას, მის თვითმყოფადობას, ხალხის ხასიათს, შემოქმედებით ენერგიას. სულ ელემენტარულად რომ ვთქვათ, ქმნის უცხოელების შემეცნებაში იქნებ მანამდე უცნობი ქვეყნის ხატს. მე ისიც კი მინახავს, როგორ უჩნდებათ ადამიანთა მთელ ჯგუფებს ჩვენი ფილმების ნახვის მერე საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. და ევრო საბჭოში ჩემი ელჩობის დროს ასეთი ფრაზებიც გამიგონია რომელიმე ქართული ფილმის ნახვის მერე: ეს ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს ევრო კავშირის წევრიო.
ეს არგუმენტები კინოსთვის სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობის დასასაბუთებლად მოვიყვანე (აქვე ვიტყვი, რომ ეს დაფინანსება ძალიან მწირია, თუნდაც სახელმწიფო თეატრების დაფინანსებასთან შედარებით და მას გაზრდა სჭირდება).
და ბოლოს, დასკვნის სახით:

კინო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი სუბიექტია. მისი არსებობის საფუძველი სახელმწიფო დაფინანსებაა. მაგრამ მას ასევე ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებლობა და თავისუფლება,- ამ ორი კომპონენტის გარეშე ხელოვნება ვერ იარსებებს, ეს აქსიომაა.

ბოლო დრომდე ეს პრიციპები დაცული იყო ეროვნულ კინო ცენტრში. სტრუქტურა იყო ნათელი და გამჭვირვალე: პროფესიონალები ირჩევდნენ ხელმძღვანელს გარკვეული ვადით მისი პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის გათვალისწინებით. ასევე გამჭვირვალედ და პროფესიონალიზმის ნიშნით დაკომპლექტებული ჟიური კონკურსის გზით აფინანსებდა გამარჯვებულ ფილმებს.
დღევანდელი ცვლილებები სწორედ ამ პრინციპების დარღვევის მიმართულებით ხდება.
მე კი ისეთი აშკარა და ელემენტარული მგონია:

შეუძლებელია კინოს მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი იყოს პირი, რომელსაც შიგნიდან არ ესმის პრობლემები და გასაჭირი ამ რთული და კომპლექსური დარგისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ინდუსტრიას და შემოქმედებას და ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, ანუ ის არ იყოს კინემატოგრაფისტი!
ჩვენს საერთო შეშფოთებას აძლიერებს მაგალითები, რომლის მოწმენიც გავხდით ბოლო დროს ხელოვნების სხვა სფეროებში.

ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება. ხელლოვნება მარადიული სუბსტანციაა, ხელისუფლება კი დროებითი. ეს უდავო ჭეშმარიტებაა.
ხელოვნების მართვის დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა იქნება ქვეყნის უკანდახევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და ქართული კინოს განვითარების შეფერხება.

ამას ვერ დავუშვებთ ჩვენ, სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტები, ვისთვისაც კინო ცხოვრების ნაწილია. ყველა ერთად"- წერს ღოღობერიძე.

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."