ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მეორე კოლონა შევიდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მეორე კოლონა შევიდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მეორე კოლონა შევიდა. გაეროს ინფორმაციით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი კიდევ 14-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა.

ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები ეგვიპტესთან სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ მიეწოდება. 21 ოქტომბერს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა შევიდა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ღაზაში უწყვეტი იქნება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

***

21 ოქტომბერს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.