ღაზას სამხრეთში აფეთქების შედეგად რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისინი თალალ-სულთანის რაიონში ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს იანვრის შემდეგ არმიისთვის ყველაზე მასშტაბური ინციდენტია.
პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი, დანაკარგის მიუხედავად, მომავლისა და არსებობის უზრუნველსაყოფად ომს გააგრძელებს.
"ისრაელმა სამართლიან ომში სამშობლოს დასაცავად ბევრი დაკარგა, თუმცა ქვეყანა ამ ომს ჩვენი არსებობისა და ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად გააგრძელებს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ
ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, აღნიშნული ოპერაციის დროს ჰამასის 50 მებრძოლი მოკლეს, ხოლო ღაზას ჯანდაცვის უწყება 30 მშვიდობიანი პალესტინელი დაღუპვის შესახებ იუწყება.