ღარიბაშვილის სიტყვებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყვა - პაპუაშვილის კრიტიკა დასავლეთს

ღარიბაშვილის სიტყვებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყვა - პაპუაშვილის კრიტიკა დასავლეთს

Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამოსული დიდი საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიდი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლელ პარტნიორებს საპასუხოდ აკრიტიკებს.

პაპუაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილის სიტყვებმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად NATO-ს გაფართოება დაასახელა, " მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია."

"ჩვენ გვაქვს უფლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრის და კრიტიკოსის დამოკიდებულებები, რადგან საქართველომ არაერთხელ განიცადა უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა."- წერია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსთვის იარაღის დე-ფაქტო ემბარგო დააწესეს და მალევე გამოაცხადეს რუსეთთან "გადატვირთვა". პაპუაშვილის თქმით, მომდევნო წლებში დასავლეთმა მოსკოვთან საგარეო ვაჭრობა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია, რუსეთის ქმედებებს საქართველოს ოკუპაცია უწოდეს.

"მხოლოდ ახლა, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა იყო და რჩება მტკიცედ პროდასავლური, საქართველოს ახლა, აუხსნელად, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არის "პრორუსული"! საქართველომ გააგრძელა რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელსაც სკრუპულოზურად ახორციელებს მრავალი წელია. ეს პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის მიმართ ორმხრივი და საპასუხო სანქციების არ დაწესებას რუსეთის გადაწყვეტილების გამო, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, რითაც გაუქმდება უსამართლო სასჯელი ჩვენი ხალხის მიმართ."- წერია განცხადებაში.

პაპუაშვილი ასევე წერს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. მისი თქმით, ქართველები უარყოფითად აღიქვამენ დასავლელი პარტნიორების ასეთ არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ "გაბედულად" იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც NATO-ს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფი მოკავშირე ქვეყნებს.

ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთის მიმართ, რადგან არ ვაწესებთ ორმხრივი სანქციებს (თუმცა, არასოდეს დავუშვებთ სანქციების გვერდის ავლას საქართველოს ტერიტორიის ან ინსტიტუტების გავლით). ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, თუმცა რუსეთს მცირე ზიანს მიაყენებს. პირიქით, რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის."- წერს პაპუაშვილი განცხადებაში.