ღარიბაშვილი ვეტინგზე: ხელისუფლება ქართულ სასამართლო სისტემაში ჩარევას არ დაუშვებს

ღარიბაშვილი ვეტინგზე: ხელისუფლება ქართულ სასამართლო სისტემაში ჩარევას არ დაუშვებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ დღეს ქართული სასამართლო გამართულად მუშაობს და ხელისუფლება არ დაუშვებს არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში.

"დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან დამოუკიდებელია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო, ქართული სასამართლო. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს - მოსამართლეების უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდმარემ.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო, კანონის უზენაესობის მიხედვით, ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ამიტომ "გარედან მოწვეული უცხოელი მოქალაქეების" მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პროცესს ეწინააღმდეგება.

"საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არამარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე არის კანონის უზენაესობის მიხედვით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოვიწვიოთ უცხოელი მოქალაქეები. ჯერ ერთი, ვინ დასვა, ვინ შეამოწმა მათი კეთილსინდისიერება. საერთოდ თავმოყვარეობა არ გვაქვს დამოუკიდებელს ერს, რომ გარედან არ მოვიწვიოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?!", - თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

***

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.