რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი აუცილებლად შემდეგი ეტაპი. ჩვენმა გუნდმა, მოგეხსენებათ კარგად, მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან დაშვებული და ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავარწმუნეთ, რომ რეალურად ვართ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ კოლეგების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ამ ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც მე მათ ვუთხარი არის შემდეგი: როგორ გაიგებს ამ გზავნილს, ზოგადად, თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირში ინტეგრაციით თუნდაც რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული და მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს.