საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში რუსული ომის დაწყების მიზეზის შესახებ ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს და სვამს კითხვას, რატომ არ აკრიტიკებენ ემანუელ მაკრონის ან ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებს.
"მე ვთქვი, რომ ამ ომის ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო თუ გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ ვთქვი, რომ არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, მათი განცხადებების - მე ამით ვაჩვენე, რომ უკრაინას სურვილი ჰქონდა, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, გამხდარიყო და გახდეს EU-NATO-ს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება, მეორე დღესვე ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, მან თქვა, რომ ამ ომის ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი - მე კითხვა მინდა დავუსვა ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომლებიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია და არ გვინდა, რომ ვთქვათ.
რამდენიმე საათში ქალბატონი ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი განაცხადა პრაქტიკულად იგივე და კიდევ უფრო მეტიც, მან თქვა, რომ უკრაინა-საქართველოს მიეცათ პერსპექტივა NATO-ში გაწევრიანების ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის საქართველოში და უკრაინაში. მე კითხვა მინდა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას ან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის განცხადებას?", - ამბობს ის.
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.
უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.