პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ამბობს, რომ "ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები".
რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ღარიბაშვილის თქმით, როგორც ომის დაწყებისას თქვეს, სანქციების დაწესებას არ აპირებენ.
"კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ აქ დაიწყონ ფრენები. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, ამაში არავითარი პრობლემა არ არის. როცა აზერბაიჯანში ვიყავი, ჩვენმა მეგობარმა ალიევმა მითხრა, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში [რუსეთიდან], ისრაელში 100-ზე მეტი. ამიტომ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მეგობრებო, მინდა ჩვენი მეგობრებიც ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები დავამშვიდო და დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ეს უბედურება, რომ ჩვენ რუსეთს არ დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, იმიტომ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებთ დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარელბთ. ეს უგუნური გადაწყვეტილება რომ გაგვეკეთებინა, გამოვხტარიყავით და დაგვეწყო სანქციების დაწესება, ამით რუსეთის ეკონომიკას ვერაფერს დავაკლებდით. წილი რუსეთის ვაჭრობაში ჩვენი ვაჭრობსი არის 0.3%. ჩვენ რა უნდა დავაზიანოთ ამ სანქციებით და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით?
ჩვენ გავმიჯნეთ და ვთქვით, რომ ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, სანქცირებული კომპანიები, სანქცირებული ინდივიდები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით, ამის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ომის დაწყების შემდეგ, რაც შეეხება ვაჭრობას და ეკონომიკას, ეს ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა პირველ რიგში და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ, თუ ნამდვილად ისინი არიან ჩვენი მეგობრები და თუ სხვა განზრახვა და მიზანი არ აქვთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.