მედიის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა.
არსებული ინფორმაციით, ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. ამასთან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში.
ბერბოკის შეხვედრები ახლო აღმოსავლეთში შეეხება ჰამასის მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებას, ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
"ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰამასის მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათ დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ უდანაშაულო ბავშვების, ქალების და კაცების საშინელი ტანჯვა", - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 242 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.