ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: "ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ". სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი.
თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები [რეალობა] ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან, თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრის ქვეყნის კანონმდებლობაც. როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ. სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს...
ჩვენ ყველაზე დიდი პარტნიორობისა და მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტიც კი შემოგთავაზეთ, თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ ეს იყო სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ...
გასული წლის დეკემბერში, მგონი, 15 დეკემბერი იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს მთავრობასთან და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად ვიდექი თავისუფლების მოედანზე 100 000 ადამიანის წინაშე და კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ აღვნიშნეთ. ამის შემდეგ განწყობა შეიცვალა. საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიღო ე.წ. კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რაც ევროკავშირის საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ეს არა მხოლოდ შეუსაბამოა, არამედ უხეშ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს, რადგან ევროკავშირის საფუძველია დემოკრატია და კანონის უზენაესობის ინსტიტუტები. ეს კანონი კი სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან. მიზეზები ყველამ იცის. ევროკავშირის სახელით, საქართველოს მთავრობას ექსპერტიზა გადაეცა. მან მიიღო კიდევ ერთი კანონი LGBTQ-ის შესახებ ["ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"], რომელიც ასევე შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და შეცვალა თავისი რიტორიკა - გერმანია აღარ მოიაზრება მეგობრად და პარტნიორად.
განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMG-ის გადაცემაში საქმიანი დილი.