გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის 5 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშა სამარიტელთა კავშირს (ASB) მომდევნო 18 თვისთვის ომისაგან დაზარალებული და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოუყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან "Unite Together" და "საქართველოს სამარიტელთა კავშირთან" ერთად.
პროექტის დაწყება 2023 წლის 18 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ASB საქართველოს დირექტორს კლემენს ფონ ჰაიმენდალს სიმბოლური ჩეკი გადასცა.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) და საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარი უკრაინელი ლტოლვილები.