გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. ისინი ტაძარში დილიდან იმყოფებიან.

მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველადი დაკვირვება მონასტრის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი უნდა დაიგეგმოს.

"აუცილებელია, იყოს უმაღლესი სტანდარტი სამეცნიერო კვლევების, სანამ მოხდება ფიზიკური ჩარევა და ასევე, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მოხდეს გელათის გააზრებ. ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო სპეციალისტები არიან, ეს არის ჯერ კიდევ კვლევის ეტაპი, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება აქტივობაც. ჯადოსნური ჯოხები არ არსებობს, რომ ერთ წამში ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ ეს გამოსწორდება და შენარჩუნდება ის, რაც იყო და განვითარდება. ივლისის შუა რიცხვებში იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი" - ამბობს გელათის რეაბილიტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება საპატრიარქომ თებერვალში გადაიბარა.

***

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.