გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოცემულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების განვითარება სხვა პროცესებთან ერთად, უმეტეს წილად, 5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა ნალექმა განაპირობა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, ბოლო პერიოდში, კლიმატური ცვლილებების ფონზე, საქართველოში გახშირებულია სტიქიური მოვლენები. კერძოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესები ძირითადად დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი ზონებისთვისაა დამახასიათებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება:
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი - გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.
კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას", - წერია სააგენტოს განცხადებაში.
ბაღდადის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ დაიღუპა 4 ადამიანი.
ამ დროისთვის მაშველები 5 ადამიანს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიწის მასისგან ტერიტორიის 70%-ია გასასუფთავებელი.
უხვი ნალექის გამო გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.