გაფიცვას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტებით უერთდებიან.
მათი განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ხელისუფლება კი სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია.
"ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქმედებებს, რომელიც ხორციელდება მოქალაქეების მიმართ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა ისტორიის სწორ მხარეს! მაშასადამე, "იბსუ ერთი დიდი ოჯახია" - იყო, არის და იქნება ის ღირებულება, რაც სტუდენტებს გვაერთიანებს. სწორედ ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ.
მაშინ, როცა ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია ! ჩვენ პირველი დღიდან ვდგავართ სხვა სტუდენტების გვერდით, ახლაც ნათლად და საჯაროდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების წამოწყებას, რომ ვთქვათ უარი აკადემიური პროცესების ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. მაშინ, როცა ქვეყნის ბედი წყდება აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის! სტუდენტები მოვითხოვთ, მკაფიოდ დააფიქსიროს უნივერსიტეტმა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება - "არა რუსულ კანონს! კი ევროპას!"
ლექტორებს მოვუწოდებთ, დაგვიდგნენ გვერდში და იმედი გვაქვს, ერთად ვიქნებით სიმართლისთვის ბრძოლაში. შევხვდებით იქ, სადაც ერთად ვიბრძოლებთ საქართველოსთვის! ევროპული მომავლისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს.