"განვაგრძობთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს" - სახდეპი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობაზე

"განვაგრძობთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს" - სახდეპი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ გააგრძელებენ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს და სურთ დარწმუნდნენ, რომ "ეს საქმიანობა გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის შესაბამისად განხორციელდება".

ფორმულას შეკითხვის საპასუხოდ, როგორია მათი პოზიცია საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობაზე, სახდეპში აცხადებენ:

"ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის ინვესტიციებზე ან ჩართულობაზე. ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საქმიანობა გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის შესაბამისად განხორციელდება, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა არ იყოს პოლიტიკური დათქმები.

საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ იძლევა დაპირებებს , რაც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ ყურადღებით განვაგრძობთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს"- აცხადებენ სახდეპში.

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაფორმდა.

ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება 31 ივლისს გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების გამო ქართული ოცნება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკრიტიკა.

Twitter-ზე მან დაწერა: "მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის".

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე საქართველო-ჩინეთის ერთობლივი განცხადება