
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სამინისტროს ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამინდის გაუარესების დღიდან, სპეციალური შიდა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა, სადაც "ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინაციაში არიან".
"თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში.
ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.
სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას", - წერია განცხადებაში.