პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დანიშნა. ამ დრომდე, ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ღარიბაშვილის თქმით, ამილახვარს "ღირსეული განათლება აქვს მიღებული და წარმატებული მუშაობის გამოცდილება აქვს".
"ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მას აქვს ძალიან კარგი ღირსეული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა აშშ-ში, გერმანიაში. გერმანიაში ქალაქ ჰამბურგში მაქსფლანგის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე, მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი მაგალითი მისცა, თუ როგრ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი", - თქვა ღარიბაშვილმა ამილახვარის წარდგენისას, ბრიფინგზე.
გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. ჩხენკელი მინისტრად პირველად 2017, მეორედ კი 2019 წელს დაინიშნა. ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება.
შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასული წლის 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამილახვარის განათლების მინისტრად დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ ჩხენკელი დეპუტატით არ ჩაანაცვლეს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ვაკის პარკის ტრაგედიაზე ამილახვარის არაკორექტული კომენტარი გახდა.