ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, რაფაჰში მძევლების გადარჩენის ოპერაცია გარდამტეხი მომენტია ჰამასის წინააღმდეგ ომში. მისი თქმით, სპეცოპერაციები ისევ გაგრძელდება.
"მძევლების გადარჩენის ოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰში გარდამტეხი მომენტია ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში. სპეცოპერაციები ისევ გაგრძელდება.
ჰამასი დაუცველია, იქ [რაფაჰში] შესაძლებელია ყველგან მისვლა და ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მძევლები და მათთან მიახლოება გვჭირდება. ვიმედოვნებ, რომ უმეტესობას ამ გზით არ გამოვიყვანთ და შეთანხმების წყალობით დავიბრუნებთ", - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
გუშინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევალი გაათავისუფლეს. სამხედროების თქმით, სპეცოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაფაჰში ჩატარდა.
გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისრაელის ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის, 130-მდე მძევალი იმყოფება.