პარტიამ საქართველოსთვის საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა.
მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ მოისყიდა და გადაიბირა მათი წევრები - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე, ისინი სწორედ ამიტომ გარიცხეს პარტიიდან.
მათი თქმით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.
"ქართული ოცნება კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით, დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას.
სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული ადამიანების რეპუტაციას. ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიაში აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში, ძალიან მკაცრი იქნება.
"სამწუხაროა, რომ ოცნებამ კომფორტულად მოირგო მმართველობის და პოლიტიკური ბრძოლის ის მახინჯი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან.
პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართულ ოცნებას პარტია საქართველოსთვის მიაჩნია ყველაზე რეალურ ძალად, ვინც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი ხელისუფლებიდან მშვიდობით გაცილებას და ნაციონალურ მოძრაობასთან მათი შეხმატკბილებული პოლიტიკური თანაცხოვრების დასრულებას", - აღნიშნავენ პარტიაში.