პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ გამართულ ბრიფინგზე მასზე თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სასტუმრო შერატონის შესასვლელთან დაყოფილი ადამიანთა ჯგუფი დახვდა", რომლებიც მისი მისამართით "იფურთხებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას".
გახარიამ, ასევე, ისაუბრა გამოძიებაზე და თქვა, რომ ისინი "ამ საქმის საფუძვლიანად და სამართლიანად გამოძიებას არ აპირებენ".
ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საქმეს გამოიკვლევს.
"მე გახლდით ბათუმში, ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესებზე და როდესაც, დავბრუნდი სასტუმრო შერატონში უკვე იქ, შესასვლელშივე დამხვდა რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავი უკვე იფურთხებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება.
ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით, სასტუმროს ლობი დაცლილი იყო საერთოდ ადამიანებისგან, მათ შორის, სასტუმროს სტაფისგან და მას შემდეგ, როცა მე სასტუმროში შევედი, უკვე აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები ცდილობდნენ ყველანაირად, რაღაც უხერხულად მოძრაობდნენ, რომ შემემჩნია, რომ ისინი შეიარაღებულები იყვნენ.
რაც მე მოვახდინე რეაქცია, ამას არც უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით "გავუმასპინძლდი". ამის შემდეგ ისინი ჯგუფურად მე თავს დამესხნენ, რის შედეგადაც, როგორც მითხრეს ექიმებმა, გონება დავკარგე და მინდა მადლობა გადავუხადო სასწრაფოს თანამშრომლებს - სანამ დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი.
დღეს, როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგი ერთი პროპაგანდისტული მედია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის შესაბამისად, სამართლიანად გამოძიებას და ამაზე მიგვითითებს რამდენიმე რამ.
ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს და რასაც იღებდნენ ტელეფონით, აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად, ფაქტია, რომ საერთოდ კამერები გაქრა, ანაბეჭდები, რაც იყო ასახული და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა შერატონსა და მის მენეჯმენტზე, რომ ეს კამერები გამქრალიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს, ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი. მოკლედ ყველაფერს", -თქვა გახარიამ.
***
ბათუმში, სასტუმრო შერატონში პარტია საქართველოსთვის ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი ქართული ოცნების არალეგიტიმური დეპუტატი, დიტო სამხარაძე იყო.
ამასთან, 15 იანვარს სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს დეპუტატი დიტო სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ.
შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.