პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება "ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე" მეტყველებს.
"რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე.
საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს რეაგირება მოახდინოს, ან თუნდაც შეიმჩნიოს მოსკოვის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსება გახლავთ.
ამის ნაცვლად, ოცნება' დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით. ყოველივე ამის მიზანია დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების მოსპობა, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟი, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას", - აცხადებს გახარია.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".