თვითაღიარებული ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მოვა დრო როცა საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის "საზღვრებს" მოლაპარაკებების მაგიდასთან შეათანხმებენ.
გაგლოევმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო კომისიას ე.წ საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაციის კუთხის გაწეული სამუშაოებისთვის თუმცა განაცხადა, რომ გაგლოევის თქმით, "დღეს სამხრეთ ოსეთი ცალმხრივად ადგენს საზღვარს".
"უნდა ვიპოვოთ სპეციალისტები, ვინც მოამზადებენ რუკას უკვე ხელმისაწვდომ მასალებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით და სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიასთან ერთად ჩვენ სწორი მიმართულებით ვიმუშავებთ. ეს საკითხები ერთად უნდა განვიხილოთ და ერთად ვიმუშაოთ. ეს ჩვენი მომავლის საკითხია და მისი პოლიტიზება არ უნდა მოხდეს. უნდა ვიმუშაოთ არსებულ საკითხებსა და პრობლემებზე... დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როცა საქართველოსთან ერთად დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან რათა განვსაზღვროთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრები" - განაცხადა გაგლოევმა.
გაგლოევმა 25 მარტს პრესკონფერენციაზე რუსეთთან ურთიერთობის შესახებ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებიდან 15 წლის შემდეგ მათ შორის ურთიერთობები მყარდება და ეკონომიკური თანამშრომლობის ეტაპზე გადადის.
გაგლოევის თქმით, "რუსეთი სამხრეთ ოსეთის ისტორიული არჩევანია" და ცხინვალი გააგრძელებს ურთიერთობების შენებას "მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან".
დე ფაქტო ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი 2021 წელს მოაწერეს ე.წ სამხრეთ ოსეთში რატიფიცირებულია და ძალაში მას შემდეგ შევა, რაც რუსეთის პრეზიდენტი მისი დანერგვის მექანიზმს ხელს მოაწერს.
"განკარგულებაში გაწერილი იქნება შეთანხმების იმპლემენტაციის მექანიზმები და პროცედურა, იმ მოქალაქეების კატეგორიები, ვისაც შეეხება ასევე გაწერილი იქნება. რა შეეხება სამხედრო ბილეთებს, შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს გავლით მზადდება" - განაცხადა გაგლოევმა.