გაერო: ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 77 არასამართლებრივი სიკვდილით დასჯა განახორციელა

გაერო: ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 77 არასამართლებრივი სიკვდილით დასჯა განახორციელა

გაეროს მოხსენების თანახმად, ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფთაგან 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის არასამართლებრივი სიკვდილით დასჯა განახორციელა.

კვლევა მოიცავს პერიოდს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე.

მთლიანობაში, ამ პერიოდში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ შეძლო დაედასტურებინა 800-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავების ფაქტი.

"ჩვენ დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც თვითნებურად დააკავა რუსეთის ფედერაციამ."- თქვა მატილდა ბოგნერმა, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, საუბარია 72 მამაკაცსა და 5 ქალზე. ასევე წერია, რომ სულ მცირე, კიდევ ერთი დაკავებული გარდაიცვალა "წამების, პატიმრობის არაადამიანური პირობების ან/და აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შედეგად."

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე დაარღვია საერთაშორისო სამართალი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავებით, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბით.