"გადატრიალების" საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არტისტული ჯგუფის ბულიონის წევრი, ნატალია ვაწაძე დაიბარეს. ამის შესახებ ვაწაძე Facebook-ზე წერს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ესწრებოდა სემინარს, რომელიც სუს-მა "გადატრიალებას" დაუკავშირა.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიბარებს დაკითხვაზე. მიზეზი ტრენინგზე დასწრებაა, სადაც ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმებს, დავდგით პერფორმანსები და გავიგეთ, როგორ უნდა მივიტანოთ ჩვენი კულტურის სფეროს სათქმელი საზოგადოებასთან. სულ ეს იყო. ახლა მაინტერესებს, რამდენი წელია სახელმწიფოს არ გამოუვლენია აგენტი. ფარცხალაძე დაიკითხა?" - დაწერა მან.
მანამდე სუს-ში გამოკითხეს ორგანიზაცია CANVAS-ის სამი წევრი სერბეთიდან, ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორი გიორგი მელაძე და ორგანიზაციის წევრი ნინი გოგიბერიძე.
გამოკითხვაზე დაიბარეს ფორმულას ფოტოგრაფი ვახო ქარელი.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს.
მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.