გამარჯვების პლატფორმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მათი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებაა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ფარცხალაძე დღემდე აკონტროლებს სხვადასხვა უწყებას და ის პირები, ვინც მისი რეკომენდაციით დაინიშნენ, თანამდებობა უნდა დატოვონ.
"მისი დასანქცირება, არა მარტო დასანქცირება, არამედ FSB-ს გავლენის აგენტად გამოცხადება, არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი საქართველოს მართავს რუსული დღის წესრიგის გათვალისწინებით. გვსურს, ჩვენ ამ ყველაფერს მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა და მოვითხოვოთ, როგორც პროკურატურის, ასევე, ყველა იმ თანამდებობის პირის გადაყენება, რომლებიც პირდაპირ არიან კავშირში FSB-ს გავლენის აგენთთან, ოთარ ფარცხალაძესთან. რუსული გავლენები საქართველოში არის დასამარცხებელი", - თქვა ენმ-ის წევრმა, ვასილ ურუშაძემ.
***
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.