ადამიანის უფლებებზე მომუშავე ევროპული ორგანიზაციები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, მაგნიტსკის სია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე გავრცელდეს.
წერილს, რომლის ადრესატებიც: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგი არიან, ხელს 20-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს.
მათი შეფასებით, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ოლიგარქის გუნდის წევრებზე გავრცელებით, ევროკავშირმა საქართველოში ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უნდა უპასუხოს.
როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, რუსული კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ცალკეული აქტივისტების ფუნქციონირებას.
ორგანიზაციებს მაგალითად რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების შესახებ კანონი მოჰყავთ, რომელიც მათი თქმით, გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
"საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გააუქმოს რეპრესიული კანონპროექტი და განაახლოს მუშაობა დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისკენ, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ევროკომისიის ცხრა ნაბიჯით;
სპეცრაზმისა და უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ძალადობრივი დარბევის ფონზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგმა მოაწყოს ვიზიტი საქართველოში;
ევროკომისიამ, ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ მის ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები - პირველ რიგში უარყოფითი პირობითობის ზომები - მათ შორის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად", - წერია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციები ევროკავშირს მოუწოდებენ გააძლიერონ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და გაერტიანებამ უზრუნველყოს რაც შეიძლება ფართო შემადგენლობის სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
* "მაგნიტსკის სიის" ევროპული ანალოგი 2020 წელს შეიქმნა. ის გულისხმობს სამოგზაურო შეზღუდვებს იმ ადამიანების წინააღმდეგ ვინც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში და ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების დაბლოკვას.
წერილს ხელს აწერენ: