ევროპარლამენტმა მაჰსა ამინის სახაროვის პრემია მიანიჭა

ევროპარლამენტმა მაჰსა ამინის სახაროვის პრემია მიანიჭა

ევროპარლამენტმა შარშან ირანში მოკლულ 21 წლის მაჰსა ამინისა და მოძრაობას ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება. შარშან ამ პრიზით რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის უკრაინელი ხალხი დააჯილდოვეს.

გასულ წელს მაჰსა ამინის მკვლელობას ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა - ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყება ამტკიცებდა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ეს უარყო ოჯახმა და აღნიშნა, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული იყო თვითმხილველების განცხადებებიც, როგორც ისინი ჰყვებოდნენ, მაჰსა ამინი პოლიციამ დაკავების შემდეგ ფურგონში სცემა.

მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა - სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.