
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში მიიღო.
ანგარიშში, რომელიც მომხსენებელიც ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა, ბიძინა ივანიშვილის პარტია რეჟიმად არის შეფასებული და მკვეთრადაა ხაზგასმული, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ზედამხედველობითაა შესაძლებელი.
კერძოდ, მასში მკაცრადაა გაკრიტიკებული ქართული ოცნების მმართველობა და პარტია დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენიება. ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისზე პასუხისმგებელი სწორედ ივანიშვილი და მისი გუნდია.
აქედან გამომდინარე, დოკუმენტის თანახმად, მთავრობის მოქმედ, თუ ყოფილ მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს. საუბარია ირაკლი კობახიძეზე, შალვა პაპუაშვილზე, კახა კალაძეზე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურზე.
კომიტეტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით გაყინოს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები.
საგარეო კომიტეტი ამ დოკუმენტში ასევე დიდ ყურადღებას უთმობს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. აღნიშნულია, რომ ეს სტატუსი საქართველოს მხოლოდ დათქმებით მიენიჭა, ხოლო ოცნების მმართველობის პერიოდში საქართველოს თითქმის არც ერთი მიმართულებით პროგრესი არ ჰქონია და პირიქით, უკუსვლა განიცადა.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი აცხადებს, რომ არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ქართული ოცნების მთავრობას და წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.
"კომისია ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მიერ დამკვიდრებულ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან", - წერია დოკუმენტში.
კომიტეტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ქართული საზოგადოებას და მის "ლეგიტიმურ კონსტიტუციურ პროევროპულ მისწრაფებებს." კერძოდ, მათ უნდა მიიღონ კონკრეტული ზომები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად (კოორდინირებული ორმხრივი სანქციების დაწესებით), ივანიშვილის ხელისუფლების აღიარებისგან თავის შეკავებით და რაც მთავარია, ახალი არჩევნებისკენ მიმავალი გზის შუამავლობით.
ანგარიშის პროექტში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ იმ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, არა შემოდგომის ადგილობრივი არჩევნების, არამედ, უახლოეს მომავალში, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი. ვადამდელი არჩევნები კი გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში უნდა ჩატარდეს, რომელსაც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზედამხედველოს.
ანგარიშის თანახმად, ახალ არჩევნებს ასევე მონიტორინგი უნდა გაუწიოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რათა პროცესი "თავისუფალი და გამჭვირვალე" იყოს.
"ანგარიში ხაზს უსვამს ევროკავშირის როლსა და პასუხისმგებლობას, მხარი დაუჭიროს ქართული საზოგადოებას და მის ლეგიტიმურ კონსტიტუციურ პროევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა გადააფასონ თავიანთი ურთიერთობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეჟიმთან და მიიღონ კონკრეტული ზომები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად, მათ შორის კოორდინირებული ორმხრივი სანქციების განხორციელებით, არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებისგან თავის შეკავებით, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდით და ახალი არჩევნებისკენ მიმავალი გზის შუამავლობით.
საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი", - აღნიშნულია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშში.