ევროპარლამენტარი პუპოლსი ბორელს ქართველი ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებს სანქციები დაუწესოს იმ ქართველ ჩინოვნიკებს, რომლებიც არადემოკრატიულ ქმედებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი.
პუპოლსის მოწოდებას ასევე უერთდებიან ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რობერტს ზილე და რუმინელი ევროპარლამენტარი ტრაიან ბასესკუ. პუპოლსმა საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არსებულ სიტუაციას კრიტიკული და დრამატული უწოდა, მისი თქმით, ქართული დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.
ევროპარლამენტარის მოწოდებით სანქციები შემდეგ პირებს უნდა დაუწესდეთ:
- "პოლიტიკოსსა და ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შელახვის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისა და მისი კონსტიტუციის პრინციპების შელახვის გამო, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში მისი მთავარი აქტორის როლის გათვალისწინებით.
- პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს პარტია "ქართული ოცნებიდან" პოლიტიკურ რეპრესიებში შეტანილი როლისთვის და "უცხოელი აგენტების" კანონის მიღების გამო.
- შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მუქარისა და ძალადობის ორკესტრირებაში მონაწილეობისთვის.
- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო და ყურადღების მიღმა დატოვა დემოკრატიული უფლებების დამცველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა.
- თბილისის მერ კახა კალაძეს, რომელმაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო დემოკრატიული უფლებების დამცველთა მიმართ სისასტიკეს", - წერია ევროპარლამენტარის განცხადებაში.
პუპოლსი ხაზს უსვამს, რომ ქართველმა ხალხმა დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული პრინციპების მიმართ მაღალი მისწრაფება გამოავლინა, ხოლო ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ "ქართველთა ძალისხმევა ავტორიტარიზმით განადგურდეს."