თბილისი პრაიდის კვირეული 2 ივლისს გაიხსნა. ღონისძიება სიტყვით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა გახსნა.
ევროკომისარმა დემოკრატიულ ქვეყანაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა, მიმოიხილა ლგბტ თემის უფლებები საქართველოსა და ევროპაში.
დუნია მიატოვიჩმა 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. მისი თქმით, თბილისში სასტიკი ძალადობა მოხდა, როდესაც თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ღირსების მარშის მონაწილეებს.
დუნია მიატოვიჩის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე მისი ძირითადი გზავნილი იყო, რომ ძალადობა სრულიად მიუღებელია.
ევროკომისარმა მიმართა პოლიტიკოსებსა და გავლენის მქონე სხვა ადამიანებს, რომ თავი შეიკავონ დამამცირებელი განცხადებებისგან.
"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ თავისუფლება, სიყვარული, თანასწორობა, მრავალფეროვნება ყველა ადამიანისა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი დავიბადეთ ისე, რომ გვაქვს თანაბარი უფლებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსების მარშის ჩატარების დროს იყო ძალადობა თბილისში, ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიმართული იყო მრავალფეროვნებასა და ერთობაზე. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს თავს დაესხნენ. ბევრი დაშავდა და ღონისძიება გაუქმდა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალადობა არის დაუშვებელი და მიუღებელი. სწორედ ეს გავაჟღერე პრემიერმინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. ადამიანები, ვისაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია გააჩნია ეს არ გაჩენილა დღეს, ან გუშინ. როგორც ჩვენ ვარსებობთ, ისინი არსებობდნენ მრავალფეროვნებითა და ერთობით. ჩვენთვის არ არის მისაღები რიტორიკა, რომ თითქოს ეს არის დასავლეთიდან თავს მოხვეული თემა.
მე, როგორც ადამიანის უფლებათა კომისარი ვცდილობ, ვიბრძოლო იმისთვის, რომ არ იქნას მიღებული ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებს. ვცდილობ ეს გზავნილი მივაწოდო პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა და ყველა სხვა ადამიანს, რომ დაფიქრდნენ, ვიდრე თავს დაესხმებიან განსხვავებულ ადამიანებს", - განაცხადა ევროკომისარმა.
თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ორგანიზაციის განცხადებით, წელს თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.