ევროკომისარი ბრუნერი: საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა ძალიან საგანგაშოა

50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან დემოკრატიული მომავლისთვის თავიანთი ქვეყნისთვის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის ნაწილისთვის და იყენებენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც დახვდნენ ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებითა და დაკავებებით.

საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა სინამდვილეში ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარები, სრულიად მიუღებელია.

ბევრი დაკავებული რჩება პატიმრობაში და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე არცერთი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ არ არის წაყენებული ბრალდება პროტესტის ძალადობრივი დარბევისა და დაკავებული პროტესტის მონაწილეების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რის შესახებაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა.

მსგავსი ქმედებები არ შეეფერება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი კვლავ სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფად იმოქმედონ, რათა მოხდეს დეესკალაცია, გათავისუფლდნენ დაპატიმრებულები და გამოძიებული იქნას ძალადობის აქტები. ასევე, უნდა იყოს ანგარიშვალდებულება სამართალდამცველებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში.

თქვა შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოზე დებატების დროს.