ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეხებოდა.
"როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის] ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია.
და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ, ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაცხადეს", - თქვა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.
ევროკავშირის მხრიდან თავდაცვის სფეროს მხარდაჭერისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფაზე გასული წლის მაისში გახდა ცნობილი. დახმარება საქართველომ იმავე წლის თებერვალში მოითხოვა.
მანამდე ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა ბევრი ამბიციით დაიწყებს საქმიანობას და ალიანსის გაფართოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა:
"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ხუთ წელში გაფართოების დიდი ტალღა განხორციელდება. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ გაურკვეველი იქნება თუ არა საქართველო ამ დიდი გაფართოების ნაწილი, ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება. იმედი მაქვს, ოქტომბერში არჩევნების შემდეგ განვაახლებთ მუშაობას, რათა საქართველო ამ დიდი გაფართოების ნაწილი გახდეს".
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს მთავრობისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები კეთდება, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა არ იციან მთავრობის პოზიცია:
"მათ მიმართეს საქართველოს ოფიციალურ პირებს, რათა განმარტონ, რა არის მათი რეალური ზრახვები და ამავე დროს, მათ გადაწყვიტეს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება შეაჩეროს.