ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მე-18 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მე-18 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა ომის დაწყების დღიდან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი მიიღო.

აღნიშნული პაკეტის მიზანია, ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და სამხედრო სექტორებს, ასევე ევროკავშირთან ვაჭრობას და უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა სრულად იწვნიოს პასუხისმგებლობა უკრაინაში ომის წამოწყების გამო.

პაკეტში მოიცავს რუსეთის 14 ფიზიკურ პირსა და 41 სუბიექტს "რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი ან მისი შემზღუდავი ქმედებებისთვის".

სანქციებს რამდენიმე განზომილება აქვს:

ენერგეტიკა

  • ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 60 აშშ დოლარიდან 47.6 აშშ დოლარამდე შემცირდა. დაინერგა ავტომატური და დინამიური მექანიზმი ფასის ლიმიტის კორექტირებისთვის.
  • დამატებით 105 გემს აეკრძალა ევროკავშირის პორტებში პორტში და საზღვაო მომსახურების მიღება. ეს ზომები მიმართულია იმ ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდს უვლიან ნავთობის ფასის ლიმიტს, მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, ან გადააქვთ სამხედრო აღჭურვილობა და მოპარული უკრაინული მარცვლეული.
  • სანქცირებულ სიაში ასევე მოხვდნენ რუსული და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ჩრდილოვანი ფლოტის გემებს მართავენ, რუსული ნედლი ნავთობის მოვაჭრეები და ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რომლის მთავარი აქციონერიც, რუსული "როსნეფტა".
  • აიკრძალა რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული და ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან იმპორტირებული გადამუშავებული ნავთობპროდუქტების შეტანა ევროკაშირში, რათა რუსული ნავთობი ევროკავშირის ბაზარზე "უკანა კარიდან" არ მოხვდეს.
  • დაწესდა სრული ტრანზაქციული აკრძალვა Nord Stream 1-სა და 2-ზე, რაც ხელს შეუშლის მილსადენების დასრულებას, მოვლა-პატრონობას, ექსპლუატაციას და მომავალ გამოყენებას.
  • გაუქმდა რუსეთიდან ჩეხეთში ნავთობის იმპორტზე დაწესებული გამონაკლისი.

საბანკო სექტორი:

  • ფინანსური შეტყობინებების სერვისების აკრძალვა: ევროკავშირი არსებულ აკრძალვას 22 დამატებით რუსულ ბანკზე ავრცელებს, რითაც სრულ ტრანზაქციულ აკრძალვას უწესებს, ჯამში, 45 რუსულ ბანკს.
  • ევროკავშირი ამცირებს იმ მესამე სახელმწიფოების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტებისა და კრიპტოაქტივების სექტორში მომსახურების მიმწოდებლების სანქცირების ზღვარს, რომლებიც ხელს უშლიან სანქციების აღსრულებას, მხარს უჭერენ რუსეთის ომს, ან დაკავშირებული არიან SPFS-თან (რუსული ალტერნატიული ფინანსური შეტყობინებების სერვისი).
  • გაფართოვდა ტრანზაქციული აკრძალვა მესამე ქვეყნების ოპერატორებზე, რომლებიც გვერდს უვლიან ნავთობთან დაკავშირებულ აკრძალვებს ან ხელს უშლიან ევროკავშირის სანქციებს.
  • დაწესდა სრული ტრანზაქციული აკრძალვა RDIF-ზე, მის ქვემდებარე ფონდებსა და კომპანიებზე. ევროპულმა საბჭომ ასევე დაადგინა მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა, ეს სანქცია შეეხოს იმ კომპანიებსაც, რომლებშიც RDIF-მა ინვესტიცია ჩადო და ასევე იმ სუბიექტებს, რომლებიც RDIF-ს საინვესტიციო ან სხვა ფინანსურ მომსახურებას უწევენ. ოთხი რუსული კომპანია, რომლებშიც RDIF-მა ინვესტიცია ჩადო, უკვე შეყვანილია სანქცირებულ სიაში.
  • დაინერგა აკრძალვა საბანკო და ფინანსურ სექტორში გარკვეული დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, მიწოდებაზე, გადაცემაზე და ექსპორტზე.

სამხედრო ინდუსტრია:

  • დამატებითი სრულფასოვანი სანქციები დაუწესდა ერთეულებს, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, მათ შორის სამ ჩინურ კომპანიას, რომლებიც მოსკოვს აწვდიან "ბრძოლის ველზე გამოსაყენებელ" აღჭურვილობას.
  • სანქციები ასევე შეეხო რვა კომპანიას ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან.
  • 26 ახალი სუბიექტი დაექვემდებარა ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე. აქედან თერთმეტი სუბიექტი მესამე ქვეყნებში მდებარეობს (7 ჩინეთსა და ჰონგ-კონგში, 4კი თურქეთში) და მონაწილეობდნენ ექსპორტის შეზღუდვების გვერდის ავლაში, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების მხრივ.
  • ევროკავშირი დამატებით 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის აკრძალვებზე შეთანხმდა. შეზღუდული ნივთების სია მოიცავს რუსული სამხედრო სისტემების განვითარებისა და წარმოებისთვის საჭირო ნივთები, როგორიცაა CNC დანადგარები და საწვავის შემადგენელი ქიმიკატები.
  • რუსეთის ტერიტორიის გავლით არსებული ტრანზიტის აკრძალვა გაფართოვდა ეკონომიკურად კრიტიკულ საქონელზე, რომლებიც გამოიყენება მშენებლობასა და ტრანსპორტში.

ანგარიშვალდებულება:

  • სანქციები დაუწესდა კიდევ ერთ პირს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების „სამხედრო განათლებაში“.
  • სიაში ასევე შევიდნენ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი კრემლის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის პირი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის შელახვაზე. სიაში ასევე შედიან წამყვანი რუსი ბიზნესმენი და ცნობილი რუსი პროპაგანდისტი.

ბელარუსი:

  • ბელორუსიის სამხედრო კომპლექსთან დაკავშირებული რვა ახალი სიის გარდა, დღევანდელი პაკეტი იმეორებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ბელარუსის ვაჭრობაზე დაწესებულ ზომებთან მიმართებაში.
  • სპეციალიზებული ფინანსური შეტყობინებების სერვისების აკრძალვა გაფართოვდა სრულ ტრანზაქციულ აკრძალვამდე და ამასთანავე დაწესდა ემბარგო ბელარუსიდან იარაღის იმპორტზე.

სხვა:

  • ევროკავშირს ასევე შემოაქვს ზომები წევრი სახელმწიფოების დასაცავად რუსული კომპანიებისა და ინდივიდების (მათ შორის ოლიგარქებისა და მათი წარმომადგენლების) მიერ ინიცირებული არალეგიტიმური ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების (BIT) საარბიტრაჟო პროცესებისგან. ეს მოიცავს ზიანის ანაზღაურების დებულებებს წევრი სახელმწიფოებისთვის, ევროკავშირში საარბიტრაჟო პროცესების არაღიარების დებულებებს და წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას, იმოქმედონ BIT პროცესების ფარგლებში.