ევროკავშირის შეფასება გვარამიას საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილებაზე - ფორმულას კითხვა

ევროკავშირის შეფასება გვარამიას საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილებაზე - ფორმულას კითხვა

უზენაესი სასამართლოს მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელის დაუშვებლად ცნობის შემდეგ ფორმულამ ევროკავშირს კითხვით მიმართა - როგორ შეაფასებდნენ სასამართლო გადაწყვეტილებას.

საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ თქვა, რომ EU-ში არ აკეთებენ კომენტარს ცალკეულ სასამართლო საქმეებზე, თუმცა აღნიშნა, რომ "თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის უზრუნველსაყოფად უფრო ძლიერი ძალისხმევაა საჭირო".

"ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეულ სასამართლო საქმეებზე. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმეზე კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. შევახსენებთ, რომ "თავისუფალი, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად უფრო ძლიერი ძალისხმევაა საჭირო, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, რასაც წარმოადგენს თავისთავად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი პრიორიტეტი", - აცხადებს სტანო.

***

19 ივნისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.