ევროკავშირის დროშის დაწვისთვის რამდენიმე პირი, მათ შორის მახარაძე დააჯარიმეს

ევროკავშირის დროშის დაწვისთვის რამდენიმე პირი, მათ შორის მახარაძე დააჯარიმეს

პრორუსებისა და მოძალადეების აქციაზე ევროკავშირის დროშის დაწვის გამო რამდენიმე პირი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი ზურაბ მახარაძე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ სხვა პირების დაჯარიმების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა 14 მარტს კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი, სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.

ძალადობრივმა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს და როგორც ამბობდნენ, ზაჰესიდან მოდიოდნენ. ისინი აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.

პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.

ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.

პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.