ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსების დივერსიული ჯგუფის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
კობახიძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილს რაიმე ინფორმაცია აქვს დანაშაულთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებს უნდა ეთანამშრომლოს.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, მას ჰქონია ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით და მაშინ, უნდა ეთანამშრომლოს შესაბამის ორგანოებს, თუ მას ამოძრავებს სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ მიჩვეული ვართ მისგან, რომ ძალიან მარტივად აკეთებს ხოლმე განცხადებებს, დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს ზოგადად საკუთარი განცხადებების მიმართ. აქედან გამომდინარე, სერიოზულად ვერ მოვეკიდებით ასეთ განცხადებას, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და ეთანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებს"- თქვა კობახიძემ.
30 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსების დივერსიული ჯგუფია შემოსული.
"ეს დივერსიული ჯგუფი არის ძალიან ცუდი განზრახვებით. ისინი შეიარაღებული არიან, ისინი რუსეთის არმიის პირველი სამმართველოს მიერ იმართებიან. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია ასევე ჩვენს ხალხთან და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს"- თქვა სააკააშვილმა.