
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფორმულასთან შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმეგ ძალადობასა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასთან დაკავშირებით.
უწყებაში აცხადებენ, რომ საჭიროა ევროკავშირმა "მკაფიო პოზიცია დაიჭიროს" და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში.
"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ჩვენში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემური შევიწროება აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს და რეაგირება მოახდინოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე", - განუცხადეს ფორმულას ესტონეთის საგარეო უწყებაში.
ესტონეთის საგარეოში აცხადებენ, რომ თუ ევროკომისია დაადგენს, რომ საქართველო არ ასრულებს ვიზალიბერალიზაციის შეთამხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, მოითხოვენ ამ რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერებას.
"ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დაწესდეს ევროკავშირის სანქციები ძალადობაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და ასევე ვაწესებთ ორმხრივ შეზღუდვებს ასეთი პირების მიმართ. ასევე, გვაქვს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ასრულებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს, ამიტომ მოუთმენლად ველით ევროკომისიის ანალიზის შედეგებს ამ კუთხით. თუ საქართველო არღვევს თავის ვალდებულებებს, ჩვენ მოვითხოვთ უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერებას", - აცხადებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროში.