"ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ" - ღარიბაშვილის ლავროვის განცხადებაზე

"ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ" - ღარიბაშვილის ლავროვის განცხადებაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და საქართველოს მთავრობის სახელით ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება არავის გაუმართავს".

ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა".

"ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება. ჯერ ერთი, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა, ახლა, დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ?

მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის ფაქტის დადასტურება, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია, იმიტომ რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, ქვეყანას კარგია და ეს ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია.

არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მითუმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ასე ვთქვათ დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა. საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ მთავრობის სახელით, არავის ჩემი, მთავრობის სახელით არავის ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხზე არ გაუმართავს, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი პასუხი, მე მგონი, აქ კითხვები ამოწურულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

***

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. კერძოდ, ლავროვი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.

როგორც ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს უფრო კომფორტულს ხდის.