უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო შეტევას ეხმაურება.
მისი თქმით, ერთადერთი კოლექტიური პასუხი უკრაინისადმი გრძელვადიანი დახმარება უნდა იყოს.
"ეს ხმები [აფეთქებების] არის ის, რისი თქმაც რუსეთს ნამდვილად სურს. ჩვენი ერთადერთი კოლექტიური პასუხი მძლავრი, გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა იყოს უკრაინისადმი. მხოლოდ მეტი იარაღით არის შესაძლებელი რუსული ტერორის გაჩუმება", - ამბობს კულება.
რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების შეტევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 75-ს აჭარბებს. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.