ხვალ ბათუმში, 18:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია საორსა აანონსებს და მშობლებს ნურის ტბასთან შეკრებას მოუწოდებს.
"11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა - რუსულ კანონს. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები.
გელოდებით - დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
გელით ყველას ნურიგელის ტბასთან, 18:00 საათზე. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ცნობილია, რომ ხვალ, 19:00 საათზე, თბილისში ევროპის მარში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები შეკრებას 3 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.