თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ქეთევან მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიციას 2020 წლის 10 სექტემბრიდან იკავებდა. 2022 წლის 12 აპრილს მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პარალელურად მუზეუმში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. დავის ფარგლებში,
მუზეუმს მაქარაშვილთან ერთ წელზე ნაკლები ვადით რამდენიმე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქეთევან მაქარაშვილსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მაქარაშვილის გათავისუფლება უკანონო იყო.
ასევე, ეროვნულ მუზეუმს ქეთევან მაქარაშვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა შრომითი ანაზღაურების გადახდა 2022 წლის 13 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დავის პერიოდში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიცია გაუქმდა. ამის გამო, ქეთევან მაქარაშვილის სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ მოთხოვნილი იყო კომპენსაცია ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და დამსაქმებელს სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა.