ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

საია-ში აღნიშნავენ, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცნო ბათილად, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში, რადგან მოპასუხეს აქვს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა.