ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ თანამშრომლების წასვლა ბუნებრივი პროცესია.
მათი თქმით, თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.
"ადამიანური კაპიტალის ცვლილება/განახლება ნებისმიერი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციის თანმდევი, ბუნებრივი პროცესია.
ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ეროვნული ბანკის 40-მდე თანამშრომელი საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო სექტორის წამყვან კომპანიებში დასაქმდა და მენეჯერულ პოზიციებზე გააგრძელეს საქმიანობა.
2023 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის 5 მიმართულების - ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საზედამხედველო პოლიტიკის, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, სპეციალიზებული რისკებისა და იურიდიული დეპარტამენტების უფროსებმა საქმიანობა გააგრძელეს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ცნობისთვის: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.
ეროვნულ ბანკში ამჟამად 600-მდე თანამშრომელია და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას", - ნათქვამია განცხადებაში.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც, ასევე, ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსი, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი და მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსი.
საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.
ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.
ამასთან, 25 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცესი ჩაახშო.