USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ელჩი ერინ მაქიი ორგანიზაციის მიერ საქართველოში რევოლუციური სცენარის მხარდაჭერაზე ბრალდებებს ეხმაურება და მას ყალბსა და დეზინფორმაციას უწოდებს.
USAID-ის ხელმძღვანელი პირი აღნიშნავს, რომ ისინი სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან წლების განმავლობაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობენ.
"როგორც იცით, ჩვენ ვმეთვალყურეობთ არჩევნებსაც, ის რომ იყოს თავისუფალი, სამართლიანი და მიუკერძოებელი. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან მოქალაქეებს, რომ მათ ხმა მიაწვდინონ იქ, სადაც საჭიროა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტს.
ის ბრალდებები, რაც აშშ-ისა და USAID-ის მიმართ ისმის რევოლუციის მხარდაჭერის შესახებ, არის ყალბი, არის დეზინფორმაცია. ეს სამწუხაროა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორგანიზაციებს, რომ მათ დემოკრატიის განვითარებაში წვლილი შეიტანონ და ჩვენი ძალისხმევაც დემოკრატიის განმტკიცებისკენაა მიმართული", - განაცხადა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.