ერევანი აცხადებს, რომ 2 900-ზე მეტმა ადამიანმა მთიანი ყარაბაღი დატოვა და სომხეთში გადავიდა

ერევანი აცხადებს, რომ 2 900-ზე მეტმა ადამიანმა მთიანი ყარაბაღი დატოვა და სომხეთში გადავიდა

სომხეთი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი 2 900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და სომხეთში გადავიდა. უწყება 25 სექტემბრის 06:00 საათის მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

სომხეთის მთავრობის ცნობით, 2 100 იძულებით გადაადგილებული პირის მონაცემები უკვე დამუშავებულია, ხოლო 700-ზე მეტი პირის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

მათივე განცხადებით, 2 100 რეგისტრირებულიდან 1 000 ადამიანი საკუთარ საცხოვრებლებში დასახლდა, ხოლო დანარჩენ 1 100 მოქალაქეს საცხოვრებლები მთავრობამ გამოუყო, თუმცა ნაწილისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა კვლავ განხილვის პროცესშია.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდნენ.

შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.